• ადმინი
  • 21/ 09/ 2026
  • სიახლე

პედაგოგის ბაღიდან გაცილების ღონისძიება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგის გაცილების ღონისძიება გაიმართა.

ქალბატონი ზეინაბ ლაბარტყავა 52 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საკუთარ პროფესიას, ბავშვებსა და სკოლამდელი განათლების სფეროს.

მისი პროფესიული გზა სავსეა შრომით, პასუხისმგებლობითა და არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ქალბატონი ზეინაბი არაერთი აღსაზრდელისთვის იყო სითბოს, მზრუნველობისა და სიყვარულის მაგალითი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი შათირიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თორნიკე ფხაკაძე, მერიის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. სტუმრებმა, ქალბატონ ზეინაბს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, პროფესიული ღვაწლი დაუფასეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პროფესიული საქმიანობის დასრულება საბავშვო ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების მიერ მომზადებული თბილი და ემოციური ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიების თითოეული დეტალი განსაკუთრებული პატივისცემისა და მადლიერების გამოხატულება იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას მიუძღვნა.
52 წელი - ეს მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ხანგრძლივობა არ არის. ეს არის ერთგულების, პასუხისმგებლობისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გაწეული შრომის 52 წელი - აღნიშნა ქალბატონმა ზეინაბმა.